პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, გერმანიის ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერ მოუწოდა, განცხადებების გაკეთების დროს იმ ფარგლებში ჩაეტიოს, რასაც დიპლომატიური ეტიკეტი და კონვენცია ჰქვია.
მისი თქმით, ელჩმა აღიარა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა გერმანიაში დანაშაულია, თუმცა საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, რითაც ის რეალურ ფუნქციებს სცდება.
"სხვა კიდევ რა უნდა იყოს მართლმსაჯულებაში ჩარევა? ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდებით, პირდაპირ სასამართლო პროცესზე დასწრება, მაშინ როდესაც არც სამართალწარმოების ენა გესმის და ახდენ შენი იქ ყოფნის ვიზუალიზაციას. აკვირდები მოსამართლეს და ეუბნები, რომ იცი ეს გადაწყვეტილება კი არ უნდა მიიღო, რომელიც მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს, არამედ ის რაც გვჭირდება ჩვენ, იმ ანტურაჟში გახვეული, თითქოს როდესაც პოლიციელს ხელს ურტყამ ეს დანაშაული არ არის. ამ დროს, აღიარებ, რომ გერმანიაში ყოფილა დანაშაული პოლიციელისთვის ხელის დარტყმა, მაგრამ სანქცირებასთან და დაკავების ვადებთან დაკავშირებით პრეტენზიები გაქვს. სად არის აქ ელჩის რეალური ფუნქცია. ვენის კონვენცია ალბათ კიდევ აქვთ გადასაკითხი ბევრ იმ დიპლომატს, რომლებსაც ეს საკითხი მივიწყებული აქვთ. ჩაეტიონ იმ ფარგლებში, რასაც დიპლომატიური ეტიკეტი და კონვენცია ჰქვია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯომარე გერმანიის ელჩის მხრიდან მართლმსაჯულებაზე ზეწოლასა და ვენის კონვენციის დარღვევაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პიტერ ფიშერმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ პლაკატის, "თავისუფლება მზიას" ფონზე ჩაწერა. სპიკერის შეფასებით, ამით ელჩმა მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, ესტონელ კოლეგასთან ერთად აკვირდებოდა.