ტყვეების გაცვლა - ეს არის ერთადერთი შედეგი, რომელიც 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამართულ პირველ პირდაპირ შეხვედრაზე რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები გაგრძელდეს, თუმცა როდის და სად- ჯერჯერობით უცნობია. უკრაინა 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტას ითხოვდა, რაზეც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. პირობა კიევის დელეგაციისთვის მიუღებელია.
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა FOX NEW-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პუტინთან. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენ უნდა შევხვდეთ. ვფიქრობ, ჩვენ სავარაუდოდ დავგეგმავთ ამას, რადგან დავიღალე, რომ მასთან სხვები მიდიან და ხვდებიან. პუტინთან შესახვედრად, თუ საჭირო გახდა, სხვა ზომებსაც გამოვიყენებ, მიუხედავად იმისა, რომ არ მსურს ამის გაკეთება. ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება, რადგან ეკონომიკური პრობლემები აქვს. ნავთობის ფასი დაბალია, რაც სიტუაციას ცვლის. მიმაჩნია, რომ პუტინი დაიღალა ამ ყველაფრით. ის კარგად არ გამოიყურება, თუმცა სურს, კარგად გამოიყურებოდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო და, ერთ ადგილას რომ არ შეფერხებულიყო, დაახლოებით, 5 საათში, კიევში იქნებოდა. საკმაოდ მძიმე საუბარი მქონდა ზელენსკისთან. არ მომეწონა, რაც მან თქვა და ეს საქმეს არ ამარტივებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას არ აქვს კოზირები. მას საქმე აქვს უზარმაზარ არმიასთან, მას საქმე აქვს საკმაოდ მამაც არმიასთან, რომელსაც, შესანიშნავი შეიარაღება აქვს," - განაცხადა ტრამპმა.