თვითმმართველობის არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში განხეთქილება იზრდება. პარტიები ერთმანეთს განსხვავებული პოზიციების გამო უპირისპირდებიან. გიორგი გახარიას გუნდში დანარჩენ ოპოზიციას შეახსენებენ, რომ ბოიკოტის პირობა არასდროს დაუდიათ და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაც და მასზე უარის გადაწყვეტილებაც მათი მისაღები იქნება.
საპროტესტო მუხტის წინააღმდეგ მიმართული და მთავარი მიზნისთვის ხელის მიზანმიმართული შეშლა - ასე აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ლელოში" გახარიას გუნდის დამოკიდებულებას. გაირკვა, რომ არჩევნებისთვის დანარჩენი ოპოზიციაც ემზადება, თუმცა ირწმუნებიან, რომ არა ადგილობრივი, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ახდენენ რესურსების მობილიზებას.
იმაზე, რაზეც სხვები ჯერ კიდევ ფიქრობენ, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ პარტია "გირჩში". ეს პოლიტიკურ ძალა კანდიდატების შერჩევის ეტაპზეა. "გირჩში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილის განცხადებები, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, დროებითია და საბოლოოდ, პოზიციას შეცვლიან.
მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც და მისი ბოიკოტიც სახელისუფლებო პარტიისთვის ოპოზიციის უმრავლესობის ლუსტრაცია იქნება. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პარტიები ახალი მითითებების მოლოდინშია არიან.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. "ქართული ოცნება" და პარტია "გირჩი" - ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის გარდა, ჯერ-ჯერობით, გადაჭრით ვერცერთი ძალა ვერ აკონკრეტებს, გავლენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე.