საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, უნგრეთში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე ისაუბრა. ბუდაპეშტში გამართულ მეორე სესიაზე, სახელწოდებით - "რეგიონალიზმი ევროპაში და ევროპის კულტურული იდენტობის დაცვა", შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორად რჩება.
ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი სესიის ფარგლებშიც ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულია, თუმცა ქვეყანა ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრეა.
ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია მასპინძელი ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ გახსნეს.
კონფერენციის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა PACE-ს მიერ იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რამაც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დეპუტატებს დელეგაციის დატოვებისკენ უბიძგა. სპიკერი ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის პარლამენტის - დეპუტატთა პალატის პრეზიდენტსა და იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტსაც შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს.