საკმაოდ დატვირთული იქნება მიმდინარე კვირა საკანონმდებლო ორგანოში. პლენარულ სესიაზე დეპუტატები კენჭს უყრიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს. "სისხლის სამართლის კოდექსს" სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება; გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
ცვლილებების უკან კონკრეტულ მიზეზებს ხედავს ოპოზიცია.
"ცვლილებების სარჩულად მე ვხედავ იმ ადამიანების ჩართულობას საპროტესტო მოძრაობაში, რომლებიც გამოქცეულები არიან პუტინის რუსეთის რეჟიმს. მათი ექსტრადიციის გამარტივება, მათი ქვეყნიდან გაძევების გამარტივება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამის უკან რეალურ სარჩულს ვერ ვხედავ. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მოქმედებს ყველა ადამიანზე, რომელიც რაიმე დანაშაულს ჩადის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე - ქართველი იქნება ის, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.