დაწყებული აქვს თუ არა მზადება ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებისთვის - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ოპოზიციაში უპასუხეს.
კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, რეგიონებში ვიზიტები მათი რუტინის ნაწილია და ამას რომელიმე არჩევნებისთვის მზადებასთან კავშირი არ აქვს.
"ჩვენთვის რეგიონებში ვიზიტი არის ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო რუტინის ნაწილი და ეს არ არის ბმაში რომელიმე არჩევნებთან, როგორც ასეთთან. ჩვენ ხომ ახლა ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მივაღწიოთ, რომ ჩაინიშნება, 2 დღით ადრე ხომ არ დავიწყებთ მზადებას? ჩვენ წინდახედული პოლიტიკური პარტია ვართ, გვინდა, რომ ვიყოთ და ვიქნებით ფორმაში," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, წარმოუდგენელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება მაშინ, როცა ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი "მეგობარი აქტის" დასასანქირებელ პირთა სიაშია.
"ამ ჩვენს წინააღმდეგობის ხაზს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კითხვას ვუსვამ ნებისმიერს, ვინც აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას - "მეგობარი აქტის" სიაში პირდაპირ წერია, რომ კალანდარიშვილი და ჯავახიშვილი უნდა დასანქცირდნენ. ეს ხალხი მართავს ახლა საარჩევნო ადმინისტრაციას. რანაირად წარმოგიდგენიათ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა?!" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საზოგადოების ნდობა არ აქვს და არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დამარცხდება.
"როგორც საკრებულოს არჩევნების წარმატებაში, აი, ამ ვითარებაში გასვლა მგონია, რომ ვერ იქნება მოგების ფორმა, ასევე, ახალ არჩევნებთან მიმართებაშიც არ მგონია, განსხვავებული ტიპის შედეგი დაიდოს, ვიდრე შემოდგომას მოხდა. მთავარი არგუმენტი იყო რომ ხელისუფლება უნდა იყოს იმგვარად შესუსტებული, ის ვერ აკონტროლებდეს ადმინისტრაციულ რესურსს, ამიტომ თუ "ქართული ოცნება" ჩანიშნავს არჩევნებს, ამ არჩევნებში მას ექნება იმხელა უპირატესობა, რომ მას ოპოზიცია ვერ მოუგებს. ძალიან დიდი უნდა იყოს ოპოზიციის უპირატესობა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს მისი ნდობა, რომ დამარცხდეს, - მცირე უპირატესობა მსგავსი ტიპის ხელისუფლების დასამარცხებლად არ არის ხოლმე საკმარისი," - აცხადებს ცოტნე კობერიძე.