დაწყებული აქვს თუ არა მზადება ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებისთვის - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მათი ოპონენტები საკუთარი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და არწმუნებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, რეალურად კი მზადება დაწყებული აქვთ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მისი პარტია არ აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
"ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას, რაშიც მონაწილეობა არცერთმა ნორმალურმა, პატრიოტულმა, დემოკრატიულმა პარტიამ არ უნდა მიიღოს. რომ იყოს ქვეყანაში ნორმალური პირობები, ხელისუფლება, ცესკო, - დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიციური ძალები დიდი უპირატესობით მოიგებდნენ როგორც საპარლამენტო, ისე ნებისმიერ სხვა არჩევნებს," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის პარტიას არასდროს დაუმალავს, რომ ემზადება ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის.
"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ ოქტომბერში ჩატარდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.