გერმანელი კანონმდებლები პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვის საკითხზე მსჯელობისთვის ემზადებიან. განიხილება სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეების გათავისუფლებაც, რომლებიც ამ პარტიის წევრები არიან. გერმანიის კონსტიტუციური წყობის დაცვის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაცია, ყველა ახალგაზრდული დანაყოფით, დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია და მას ექსტრემისტული ჯგუფის სტატუსი უკვე მიენიჭა
ბერლინში მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისში ორმაგ სტანდარტს უწოდებენ. სახელისუფლებო ძალა იმ კრიტიკას იხსენებს, რომელიც საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" და ამ პარტიის პოლიტიკური მემკვიდრეების აკრძალვის ინიციატივას მოჰყვა.
ოპოზიცია საქართველოს და გერმანიის შემთხვევების დისტანცირებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ორი ქვეყნის გადაწყვეტილებებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა მიუღებელია.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიისგან განსხვავებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. სახელისუფლებო გუნდის თქმით ამ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მყარი მტკიცებულებები და სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებაა.
აიკრძალება თუ არა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. სარჩელით კი სასამართლოს ფედერალურმა მთავრობამ ან ბუნდესტაგმა უნდა მიმართოს. სამართლებრივ დავას იწყებს თავად ექსტრემისტულ პოლიტიკურ ძალად გამოცხადებული პარტიაც. გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის წინააღმდეგ კიოლნის სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.