ბერლინის გადაწყვეტილება, რომელმაც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.
სადაზვერვო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის კონსტიტუციური წყობის დაცვაზე, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი "ინტენსიური და ყოვლისმომცველი" მოკვლევის შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება სააგენტოს საშუალებას აძლევს, უკეთ გააკონტროლოს პარტია, რომელმაც ბუნდესტაგის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.
მმართველ გუნდში ამ საკითხის შეფასებისას, კვლავ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ:
"კიდევ ერთი გაგრძელებაა ამ ორმაგი სტანდარტის, როდესაც შენს ქვეყანაში შეიძლება რაღაც არის დასაშვები, მაგრამ აბსოლუტურად იგივე, ბევრად უფრო მცირე მასშტაბითაც კი, არის მიუღებელი სხვა ქვეყანაში. უფრო მეტიც, ამაზე ყელმოღერებულები აკეთებენ კრიტიკულ განცხადებებს, თორემ, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მიიღონ გადაწყვეტილებები. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ ეს არის პირდაპირი შეტევა დემოკრატიაზე და მცდელობა, რომ ხალხის აზრი დააიგნორონ,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.