მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დავით დოიაშვილმა ქალაქ შანხაის თეატრთან კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას ჩინეთში გააგრძელებს.
"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების ოპონენტების და მათი მხარდამჭერების დღის წესრიგია, როდესაც ისინი ერთის მხრივ, ჩინეთთან ურთიერთობებს საქართველოს უკუსვლას უწოდებენ, თავად კი ამ ქვეყანაში სამსახურისთვის და ბიზნესის ასაწყობად ჩადიან.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.
"როცა უნდათ ჩინეთი არის კომუნისტური, როდესაც მათი დასაქმების საკითხები არის, კონკრეტულ პერსონებზე მაქვს საუბარი, მაშინ ეს კომუნისტური ელფერი გადასდით ჩინეთში და სიამოვნებით იღებენ იმ დახმარებას, ხელფასს, თუ სამუშაო ადგილს, რომელსაც ეს ქვეყანა სთავაზობს.
ამ კონკრეტული პიროვნებისგან არაერთგზის გაგვიგია ორმაგ სტანდარტთან არსებული პოზიციები. თუ კი მის პირად კეთილდღეობას ეხება არაფერია მისთვის მიუღებელი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.