უკრაინული იშვიათი მინერალები და ბუნებრივი წიაღისეული ამერიკული სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ - ის, რაც ვერ შედგა ვაშინგტონში, შედგა ვატიკანში. თეთრი სახლის კედლებში მწვავე კამათის შემდეგ, უკრაინის მომავალი წმინდა პეტრეს ტაძარში გადაწყდა.
დონალდ ტრამპთან 15-წუთიანი დიალოგის შედეგი ასეთია: ამერიკა და უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვებული მინერალებით მიღებულ სარგებელს თანაბრად გაიყოფენ. სანაცვლოდ, შტატები ისევ გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებით აღჭურვას და მონაწილეობას მიიღებს ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენაში. ამ შეთანხმების მიხედვით, უკრაინას, ამერიკის მიმართ, სასესხო ვალდებულება არ ექნება.
იშვიათ წიაღისეულზე მიღწეულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს ამერიკული მხარე. დოკუმენტზე ხელმომწერი, შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება დააჩქარებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენას, რუსეთისთვის კი მკაფიო გზავნილი იქნება.
გრაფიტი, ტიტანი და ლითიუმი - სწორედ ეს ძვირფასი წიაღისეული იქნება ვაშინგტონსა და კიევს შორის მომდევნო წლებში ეკონომიკური თანამშრომლობის გარანტია. უკრაინის გეოლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ევროპის კონტინენტზე არსებული ტიტანის მარაგის 7%-ს სწორედ ისინი ფლობენ. ასევე, ევროპული ლითიუმის მესამედიც უკრაინაშია.
რა როლი ექნება ამერიკულ-უკრაინულ ეკონომიკურ გარიგებას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროცესში, ჯერ დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა ფაქტია ის, რომ მინერალების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას რუსეთისგან მორიგი შეტევა მოჰყვა ოდესაზე. ქალაქი მალევე დრონებით დაიბომბა.
იშვიათი წიაღისეულზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ჯერ ისევ შორეული პერსპექტივაა და კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტაც, შეუძლებლად მიაჩნიათ.
ძალაში რჩება დონალდ ტრამპის ულტიმატუმიც. ამერიკა ისევ იმეორებს, რომ თუ ომში ჩართული ქვეყნები საერთო ენას უახლოეს მომავალში ვერ გამონახავენ, შეერთებული შტატები სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაერთვება და პროცესიდან გავა.