"მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას," რამდენი მოკლულის მამა და დედა უნდა მოვიდეს კომისიაზე, რომ თავი დაანებოთ დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე განაცხადა.
"მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას," რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რამდენი მოკლული შვილი მამა, რამდენი მოკლული შვილის დედა, რამდენი ქონება წართმეული ადამიანი უნდა მოვიდეს, გვითხარით ბატონებო, რომ თავი დაანებოთ, "ნაციონალური მოძრაობის," როგორც დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას?! - უბრალოდ ციფრი დაგვისახელონ რამდენი უნდა იყოს, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ამ კომისიის ვადა არ ეყოფა იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ. არ ეყოფა, რომ ეს ადამიანები ბოლომდე მოვიდნენ და ამოვწუროთ ეს თემა", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავენ. დეპუტატები ოთარ სურმანიძეს და მიხეილ ართმელაძეს უსმენენ, რომლებიც მათი ოჯახის წევრების უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობენ. გაიხსენეს 2006 წლის 12 იანვარს განვითარებული მოვლენები, როდესაც მათი შვილები საკონტროლო გასროლით მოკლეს. მაშინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები პატიმრებს ციხიდან გაქცევაში უნდა დახმარებოდნენ. ამ საქმეზე 2017 წელს სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.