საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა. დუბაიმ ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებას — Arabian Travel Market 2025 უმასპინძლა, რომელიც ათწლეულებია ტურიზმის სფეროში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
გამოფენა წელს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტ ტურისტულ ორგანიზაციას აერთიანებს და 55 000 ვიზიტორს ითვლის.
საქართველოს ეროვნული სტენდი წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, დუბაიში 33 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი, მათ შორის არიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.
გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხელს აწერენ პარტნიორულ შეთანხმებებს და ერთობლივ კამპანიებს გეგმავენ. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, კულტურასა და გასტრონომიას გაეცნონ.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე საკუთარი ადგილის გასამყარებლად.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი