ვიზიტი, რომელიც პოლიტიკურ სურათს ცვლის. ამერიკის შეერთებული შტატები და ახალი ათვლის წერტილი, ორი ქვეყნის ურთიერთობებში. თეთრი სახლის კარი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისთვის გაიღო. ლევან დავითაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში დონალდ ტრაპის სპეციალურ ასისტენტსა და საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში დირექტორს შეხვდა.
თეთრ სახლამდე იყო შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში და პირველი ვიცე-პრემიერის პირველი ოფიციალური შეხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან. ლევან დავითაშვილის მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი იყო.
ყველა ერთად და ცალ-ცალკე - ქართული დელეგაციის მაღალი რანგის, ოფიციალური შეხვედრები ახალ ადმინისტრაციასთან პოზიტიური შედეგებით სრულდება. ის რაც თბილისში ითქვა, ვაშინგტონში დადასტურდა - საქართველოსა და ამერიკის ხელისუფლებების იდეოლოგიური თანხვედრა, შტატებში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. პოლიტიკური ფოკუსი ახლა პოზიტიურ დღის წესრიგზე სწორდება.
სამომავლო პერსპექტივებზე საუბარს თან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობაც ახლდა. ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და შუა დერეფნის განვითარება - ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოსთვის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე ისაუბრა. ქართულმა დელეგაციამ სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერისა და დაფინანსების პირობა მიიღო. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრები შედგა.
მოლაპარაკება გაიმართება ისეთი ამერიკული საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებთან როგორიცაა-ჯეიპ მორგანი და Bank of America. გამოითქვა ინტერესი სხვადასხვა საკითხის მიმართ. ქართულმა მხარემ პირობაც მიიღო არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისა და დაფინანსების.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას უახლოეს მომავალში საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს, თუმცა სანამ იქნება თბილისი, იყო ვაშინგტონი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრაზე მოსმენილს გვიყვება და ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს წლების განმავლობაში მხარს უჭერდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ეროვნული ბანკის დირექტორი პოზიტიურად აფასებს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის დეტალებსაც.
საქართველოში ვიზიტს მოუთმენლად ელის საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. იერუნ კლიკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას აფასებს.
ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობა და პერსპექტივები განიხილეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან შეხვედრისას. ქართულმა მხარემ საქართველო-ამერიკას შორის ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ინიციატივა დააყენა. ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა - ყურადღების მიღმა არ დარჩა არც ეს მნიშვნელოვანი საკითხები.
საქართველოს პროგრესით დაინტერესება ვაშინგტონში ეკონომიკის მინისტრსა და ეკონომიკურ გუნდს ყველა შეხვედრაზე დაუდასტურეს. ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ მიზიდულობის მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური მზარდი მაჩვენებლები და სტაბილურობაა.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. დელეგაცია ვაშინგტონიდან თბილისში ახალი გზავნილებით და პოზიტიური შედეგებით ბრუნდება.