დეზინფორმაციის ორკესტრირებული კამპანია - "ქართული ოცნება" ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს და ოპონენტებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
"ცდილობენ თითიდან გამოწოვილი დეზინფორმაციებით, შეთითხნილი ყალბი ბრალდებებით რაღაცნაირად ჩირქი მოსცხონ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ სრული კრახით დასრულდება, ისევე, როგორც ბევრჯერ გვიხილავს კრახით დამთავრებული მათი განცხადებები და აგორებული კამპანიები. სამწუხაროა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და ეს მოხუცი კაცი, რომელმაც უკვე ხშირად საკუთარი სახელი და გვარი ავიწყდება, ასე არის აყოლილი ამ ფეხის ხმას და თავისი განცხადებები კვებავს ამ რადიკალებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ და ხელისუფლების ძალისმიერი გზით გადატრიალების," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეკულაციას უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ. მათივე განმარტებით, ცვლილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.