აღდგომის დღესასწაულიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინას აქტიურად შეუტია. დრონებით დაარტყეს რამდენიმე რეგიონს - განგაშის სიგნალი ჩაირთო კიევის რეგიონში, ასევე ხერსონში, დნეპროპეტროვსკში, ჩერკასში, მიკოლაივსა და ზაპოროჟიეში.
ქალაქ მიკოლაივის მერმა, ოლექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსეთმა სააღდგომოდ ერთდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვს არც ეს პირობა შეუსრულებია.
მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ.
აღდგომის დღეს, რუსეთის მხრიდან შეტევებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
"რუსულმა ძალებმა უკვე 26 შეტევა განახორციელეს. ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულების ყველა დარღვევას აღდგომის პერიოდში და მზად ვართ, მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ან პუტინს არ აქვს სრული კონტროლი თავის არმიაზე, ან ვითარება ამტკიცებს, რომ რუსეთში არ აპირებენ ომის დასრულებისკენ რეალური ნაბიჯის გადადგმას და მხოლოდ სასურველი პიარით არიან დაინტერესებულები.
აშშ-ის მიერ შემოთავაზებული სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება რუსეთის მხრიდან 39 დღის განმავლობაში უპასუხოდ დარჩა. აშშ-მა გააკეთა ეს წინადადება, უკრაინამ დადებითად უპასუხა, მაგრამ რუსეთმა – იგნორით. რუსეთი თუ ახლა, უცებ, ნამდვილად მზად არის სრული და უპირობო სიჩუმისთვის, უკრაინა შესაბამისად იმოქმედებს — რუსეთის ქმედებების სარკისებურად. სიჩუმის საპასუხოდ სიჩუმე, თავდასხმების საპასუხოდ – თავდაცვითი დარტყმები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.