25 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
"ირაკლი ხვადაგიანი არის საუკეთესო ახალგაზრდა ისტორიკოსი, დარწმუნებული ვარ მის ორგანიზაციას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება" - ლევან სანიკიძე საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემულ გრანტზე

ახალი კანონის ["გრანტების გამჭვირვალობის"] ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაცემული გრანტი პოლიტიკური შეფასებების თემაა. საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.

როგორც საელჩო წერს, პროექტი შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს.

მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ ეს გრანტი რეალურად სხვა მიზნებს მოხმარდება, რადგან, მათივე თქმით, ამ ორგანიზაციის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრები, "კანვასის" დამფუძნებლები და ტრენერები არიან.

"კურიერი" აღნიშნული კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა, თუმცა ხვადაგიანი კონკრეტულად გრანტთან დაკავშირებით არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათი მიზანი მოქალაქეებისთვის საქართველოს ისტორიის გაცნობაა.

"მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ საქართველოს ისტორია ისე, ეს როგორც იყო. ჩვენ უწყვეტად, 2010 წლიდან ვმუშაობთ ამ ყველაფერზე... თავს შევიკავებდი ჩაწერაზე," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ხვადაგიანმა.

რაც შეხება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრების პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ ხვადაგიანი საკუთარი პროფესიის ფარგლებში არის ჩართული კონკრეტულ პროექტებში და ამას არ აქვს კავშირი პოლიტიკასთან

"მე ზუსტად არ ვიცი ამ გრანტის დანიშნულება, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ ირაკლი ხვადაგიანი არის ჩვენი თანამებრძოლი, ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ისტორიკოსი საქართველოში, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს საბჭოთა რეპრესიების კვლევის პროცესში და, ზოგადად, საქართველოს გასაბჭოების კვლევის პერიოდის კვლევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გრანტი, როგორც სხვა გრანტები მოხმარდება ამ პროცესს და არავითარი კავშირი ამას პოლიტიკურ პარტიასთან არ ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც არის ჩემი მეგობარი, მის ორგანიზაციას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ექნება," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.

 

დღის ამბები