მმართველი გუნდი საერთაშორისო გამჭვირვალობას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ორგანიზაცია საქართველოში მიღებულ კანონებს, რომელიც გრანტებისა და "ენჯეოების" გამჭვირვალობას ეხება, აპროტესტებს და ამერიკულ "ფარას" ანალოგზე დარეგისტრირებას არ აპირებს თუმცა, ირკვევა, რომ Transparency International-ის გერმანული ოფისი ლობისტების რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია.
სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოში "ენჯეოების" უმრავლესობა კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს, რასაც მათი მხრიდან გამჭვირვალობაზე დემონსტრაციული უარიც ადასტურებს.
რატომ არის ქართული კანონმდებლობა "ენჯეოებისთვის" დაბრკოლება მაშინ, როდესაც იდენტური კანონები პრობლემა არ არის გერმანიაში - ამ კითხვაზე პასუხი დღეს არც "საერთაშორისო გამჭვირვალობას" და არც სხვა არასამთავრობოებს არ გაუციათ. მათი პოზიცია, ტრადიციულად, ხელისუფლების ოპონენტებმა დაიცვეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა", სხვა არასამთავრობოები და ოპოზიცია საერთო პოლიტიკური მიზნების გამტარია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლების თქმით, ქართულმა "ენჯეოებმა", ბოლო წლებში, ხელისუფლების შეცვლის მიზნით, არაერთი ძალადობრივი პროტესტი დააფინანსეს. "ქართულ ოცნებაში" დონორების გავლით შემოსულ ე.წ. შავ ფულზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი პრევენციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მესამე სექტორის ლუსტრაციას იწვევს.
გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და "ფარას" ქართული ანალოგის შემდეგ. პარლამენტმა ცვლილებები გრანტების შესახებ კანონშიც შეიტანა. დონორებს გრანტების გაცემამდე მისი მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მთავრობისთვის მოუწევთ, ტრანშები კი ანტიკორუფციული სააგენტოს თანხმობის შემდეგ გაიცემა.