სახელმწიფო ქონების მიტაცებასა და გამდიდრების სქემაზე საუბრით გაიხსნა დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომა. კონკრეტული ფაქტები ჯონდი ბაღათურიამ გაასაჯაროვა. "ქართული დასის" ლიდერმა, რომელიც 2008-2012 წლებში მე-7ე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თქვა რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოს ხარჯზე მილიონობით ლარი დააგროვა. ჯონდი ბაღათურიამ მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაციაც გაასაჯაროვა.
"ქართული დასის" ლიდერმა დღეს საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტებიც გაასაჯაროვა, რომლითაც ირკვევა რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემით გიული ალასანიას საკუთრებაში გადადიოდა.
ელიტური კორუფციის გარდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტიც განიხილეს. დუმილი წინა ხელისუფლებების მიერ დაზარალებულმა ბიზნესმა დაარღვია. ჯუმბერ ბუზალაძემ დეტალურად ისაუბრა იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა. დაზარალებული ბიზნესმენი იხსენებს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მას გასაყიდად გამოტანილი ავტომობილები იძულებით დაათმობინეს, შემდეგ კი მაშინდელმა ხელისუფლებამ ის ციხეში გაუშვა.
საგამოძიებო კომისიის დასკვნით ეტაპზე მოწმეებისგან მიღებული ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა. თეა წულუკიანმა მიხეილს სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ბრალდებებს დღის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი. მან მომხდარი ფაქტი ნაწილობრივ დაადასტურა და თქვა, რომ - წინა ხელისუფლების დროს იყო პრაქტიკა, როდესაც ჩამორთმეული ავტომობილები სახელმწიფო ბალანსზე გადადიოდა და მათ თანამდებობის პირები იყენებდნენ.
ეს განცხადება აღიარებითი ჩვენებაა მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია ყველაფერს სამართლებრივად შეაფასებს.
საგამოძიებო კომისიის რიგით მეთხუთმეტე სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ სხვა საქმეების განხილვით განახლდება.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.