11:07 საათი - გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება შეცვალა და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზუსტად იმ დროს გამოცხადდა, როცა ის კანონმდებლებმა დაიბარეს.
ყოფილ პრემიერთან შეკითხვა ბევრი იყო, მთავარი კი 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე. როგორ დაიგეგმა საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია და ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც კითხვები კანონმდებლებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს. საუბარია 2024 წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, როცა ევროსასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე კითხვები არსებობს.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ექსპრემიერს, საქმეზე "ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" - ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც ამოუკითხა, სადაც სტრასბურგის სასამართლო, სახელმწიფოს 20 ივნისის საქმის, უფრო კონკრეტულად კი ოპერაციის დაგეგმვის ნაწილის ხელახლა გამოძიებას ავალებს.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს ექსპრემიერთან შეკითხვები ჰქონდა აქციის დაშლის ოპერაციის ტაქტიკურ ნაწილთან დაკავშირებით. ვინ გასცა სპეციალური საშუალებების და მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. ასევე როგორ და ვისთან ერთად მართავდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ოპერაციას და რა რეაგირება ჰქონდა მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე არაერთი დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა.
მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება თვითმოგერიების რეჟიმში მიიღეს, სხდომაზე კამათი დაიწყო. კანონმდებლები დაინტერესდნენ, გრძნობდა თუ არა პასუხისმგებლობას ყოფილი მინისტრი, რომელსაც დღეს არაერთხელ შეახსენეს, რომ კომისიის შეკითხვებზე პასუხს თავს არიდებდა.
კანონმდებლები დაინტერესდნენ, ვინ იყო გიორგი გახარიასთან ერთად პარლამენტის შენობაში მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყო და რატომ გასცემდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბრძანებებს სახალხო დამცველის თანდასწრებით?
რატომ არ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ და რატომ არ დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც სხდომის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს დაუსვა.
20 ივნისის საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე, კომისიის წევრებმა 20 ივნისის აქციასა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციებს შორის პარალელი გაავლეს და გახარიას კითხვა ისევ პასუხისმგებლობაზე დაუსვეს.
20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია 4 საათზე მეტ ხანს მსჯელობდა. ამის შემდეგ ყოფილ პრემიერთან და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან შეკითხვები დაისვა მის მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი გახარიას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდებოდა.