24 აგვისტო 2026,   19:42
ვრცლად
"პოლიტიკური შურისძიება და ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე" - მმართველ გუნდში ბრიტანეთის მთავრობის მიერ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფასებენ

გაერთიანებული სამეფო საქართველოს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პირების დასანქცირებას ადამიანის უფლებების დარღვევის მიზეზით ხსნის. ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, რომ სანქცირებული პირები სამსახურებრივ ვალდებულებას არ ასრულებენ, რამაც ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლა გამიწვია. ბრიტანეთის მთავრობის სანქციები აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას გულისხმობს.

ბრიტანეთის სანქციებს დღეს სოციალური ქსელით უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე პარალელს 9 აპრილთან ავლებს და ამბობს, რომ თუ 36 წლის წინ, იარაღი, ტანკი და ნიჩაბი იყო, დღეს ოფიციალურმა ლონდონმა პოლიტიკურ იარაღად სანქცია აქცია.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ოპოზიცია ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სრულად იზიარებს და იმედი აქვს, რომ სანქცირებულ პირთა წრე კიდევ გაიზრდება.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ შეკითხვები აქვს საქართველოს ხელისუფლებას. პოლიტიკური შურისძიება და ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ბრიტანეთის მთავრობის მიერ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. იგივე პოზიცია აქვს "ხალხის ძალასაც", რომელიც ოფიციალური ლონდონისგან კონკრეტულ მტკიცებულებებსა და დასაბუთებას ითხოვს.

სანქციების შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გადაწყვეტილებას კონკრეტული მტკიცებულებები არ ახლავს. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები გონივრული ეჭვის საფუძველზეა დაწესებული.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი 

დღის ამბები