24 აგვისტო 2026,   20:53
ვრცლად
ევროკავშირი საგრანტო დაფინანსებებთან დაკავშირებით მორიგ სკანდალში გაეხვა - ჟურნალისტური გამოძიება, 7 მილიარდიანი ფონდიდან არასამთავრობო სექტორისთვის 2021-23 წლებში გადარიცხულ თანხებს ეხება

ევროკავშირი საგრანტო დაფინანსებებთან დაკავშირებით მორიგ სკანდალში გაეხვა. ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც გერმანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა 7 მილიარდიანი ფონდიდან არასამთავრობო სექტორისთვის 2021-23 წლებში გადარიცხულ თანხებს ეხება. მედია წერს, რომ ტრანშების დიდი ნაწილის მიზნობრიობა გაურკვეველი და გაუმჭვირვალეა, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. საქართველოში პარლამენტის სპიკერი დარწმუნებულია, რომ ე.წ. შავი ფული, გრანტების სახით, ქართულ ენჯეოებშიც პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად ხვდებოდა. რაც ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობოების მხრიდან ანტისამთავრობო მიტინგების დაფინანსებითაც გამოაშკარავდა.

7 მილიარდიანი საგრანტო ფონდის საქმიანობით, ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილ პარტიებთან ერთად, კონტროლის პალატაც დაინტერესებულია. ბოლო წლების განმავლობაში, მესამე სექტორის ლობისტური საქმიანობის მიზნით გამოყენებაზე აქტიურად საუბრობდნენ უნგრელი პოლიტიკოსებიც. ვიქტორ ორბანის გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ კონსერვატიული ძალების დისკრედიტირებისთვის ბუდაპეშტში არასამთავრობოები აქტიურად მუშაობდნენ. კონტროლის პალატის წარმომადგენელმა მედიასთან არ დამალა, რომ გრანტებს გამჭვირვალობის პრობლემა მართლაც ჰქონდა.

არაერთი აღიარების მიუხედავად, ქართულ ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ევრო ბიუროკრატების კონტროლქვეშ არსებული საგრანტო მილიარდების დიდი ნაწილის მიზნობრიობა გაურკვეველი იყო. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს ქართული სამოქალაქო სექტორიც დაიცვეს და თქვეს, რომ მათი საქმიანობა ცალსახად დემოკრატიული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

ოპონენტებსა და არასამთავრობოებს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ხედავს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ წლებია ქართული ენჯეოები სწორედ ფარული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იღებენ თანხას, რასაც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობაც მოყვა.

ევროპული გაერთიანების ირგვლივ ენჯეოების დაფინანსების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, 7 მილიარდის ევროს სკანდალი პირველი არაა. რამდენიმე დღის წინ, ავსტრიულ პრესაში გამოქვეყნდა აღიარება, რომლის მიხედვითაც ევროკომისიამ 2014 წლიდან დღემდე 9 მილიარდი ევრო არასამთავრობოებს ლობიზმისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტირების მიზნით ჩაურიცხა.

დღის ამბები