24 აგვისტო 2026,   17:19
ვრცლად
"ქართველი ხალხი თავად გასცემს პასუხს ამ სამარცხვინო, ავტოკრატიულ ნაბიჯებს" - საბა ბუაძე  "გრანტების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე

უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე, გრანტის მიღება აკრძალული იქნება და ამ შემთხვევაში სუბიექტს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

"ქართულ ოცნებას" "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები შეაქვს. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ინიციატივის მიხედვით, მთავრობას ათდღიანი ვადა აქვს თანხმობის გასაცემად, თუ მთავრობის გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს.

კანონი ადგენს გამონაკლისსაც, ეს არის სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი, განათლების და მეცნიერების სფერო, ასევე წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ამ ცვლილებების მიზანია, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები.

"კომპლექსურად, ყველა ეს კანონი ემსახურება ერთ მიზანს, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი იყოს პოლიტიკური უფლებების გარეშე ქვეყანაში, ანუ ვერ ატარებდეს ლექციას, ვერ იღებდეს დაფინანსებას, არ ჰქონდეს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება. ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ამ ცვლილებების მიზანი, საბოლოო ჯამში, გახლავთ ის, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ავტოკრატიულ ნაბიჯების გამო, ქართველი ხალხი გასცემს პასუხს.

"ქართველი ხალხი თავად გასცემს პასუხს ამ სამარცხვინო, ავტოკრატიულ ნაბიჯებს, რომელსაც ისინი ფორსირებულ ტემპში დგამენ. ქართველმა ხალხმა, ამ ანტიდასავლურ და ანტი ქართულ სპეცოპერაციას სათანადო განაჩენი გამოუტანა", - განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები