პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკომისიის საგრანტო ფონდების შესახებ გამოაშკარავებული სკანდალური ინფორმაცია საქართველოსთან პირდაპირ კავშირშია. საუბარია ავსტრიული გამოცემა "იექსპრესის" მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ LIFE-ის პროგრამიდან EED-ის გავლით მილიონობით ევრო არასამთავრობოებისთვის ლობისტური საქმიანობის დაკვეთით ირიცხებოდა. პროგრამა 2014 წელს ამოქმედდა და მისი ჯამური ბიუჯეტი დღემდე 9 მილიარდ ევროს შეადგენდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. შავი ფული რომ ქართულ ენჯეოებშიც მოდიოდა, ეს მათ მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციებზეც გამოჩნდა.
ევროპულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალას მალევე ევროკომისიის მხრიდან აღიარებაც მოყვა. ევროპელი ბიუროკრატები არ უარყოფენ, რომ არასამთავრობოებს თანხას ლობიზმის, კერძოდ კონსერვატიული პოლიტიკური ძალების დისკრედიტირების მიზნით აძლევდნენ. დავალების მიხედვით, ენჯეოებს საზოგადოებრივ აზრზე გავლენა უნდა მოეხდინათ და ევრო ბიუროკრატებისთვის მიუღებელი ჯგუფებისთვის საარჩევნო პრობლემები შეექმნათ.
ევროკომისიის აღიარების მიუხედავად, უფრო მეტ მტკიცებულებას ითხოვს ქართული ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ევროკომისიის მხრიდან გრანტების პოლიტიკური მიზნით გაცემას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ტრანშები ქართულ ენჯეოებს მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად ერიცხებოდათ.
ქართული ოპოზიცია და მესამე სექტორი, საერთო პოლიტიკური მიზნების ჯგუფად მიაჩნიათ საპარლამენტო უმრავლესობაში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში, უნგრეთში თუ სლოვაკეთში, ხელისუფლების ოპონენტები საერთო ლობისტური ცენტრის გავლენას ემორჩილებიან. მიზანი კი რევოლუციების გზით, კონკურენტი პოლიტიკური ძალების შეცვლაა.
ევროპული საგრანტო ფონდი პირველი არაა, რომელიც მსგავსი სახის სკანდალში გაეხვა. მანამდე იყო ამერიკული USAID-ი და NED-ი, რომელთა საქმიანობაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად შეაჩერა.