"დიფ სთეითი" ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში რებრენდინგს ცდილობს - ზაზა შათირიშვილმა ე.წ. გლობალური ომის პარტიის სტრატეგიაზე მორიგი ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახი, რომელიც "ბლექ როქს", "სთეით სთრითსა" და სხვა მრავალტრილიონიან კორპორაციებს მართავს, გავლენას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზეც ინარჩუნებს.
ტექსტში ვკითხულობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, ეს ძალები ევროპის მილიტარიზაციით და საკუთარი დასაყრდენების გაძლიერებით, აშშ-სთვის ერთადერთი "ზე სახელმწიფოს" სტატუსის შენარჩუნებას ტრამპის ხელით ეცდებიან. შათირიშვილის აზრით, დონალდ ტრამპის ბრძოლა "დიფ სთეითთან" სიმულაციური მას შემდეგ გახდა, რაც ამ ძალებმა მისი მკვლელობა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს სცადეს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ე.წ. დიფ სთეითი, რომ კვლავ პოზიციებს ინარჩუნებს - ამის მტკიცებულებად ზაზა შათირიშვილისთვის შტატების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით შენარჩუნებული დუმილია. ფილოსოფოსი წერს, რომ გავლენიანი კორპორაციების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება უკვე 3 წელია ღიად საუბრობს, თუმცა ამას ახალი ადმინისტრაციისგან ადეკვატური პასუხი ჯერაც არ მოჰყოლია.
მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც სანქციები დღემდე არ მოხსნიათ, შათირიშვილისთვის ადასტურებს, რომ ე.წ. დიფ სთეითი საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი შეტევისთვის ემზადება, რასაც "ოცნებამ" კარგად ინფორმირებული საზოგადოება უნდა დაუპირისპიროს.
ფილოსოფოსის მოსაზრებებს იზიარებენ ორგანიზაცია "ნეიტრალურ საქართველოშიც". ვატო შაქარიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქართული მხარე აშშ-სთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, მნიშვნელოვანია, ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს სუვერენიტეტის გათვალისწინებით იმოქმედოს.
შათირიშვილის წერილის შინაარსი სპეკულაციურია ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია საგარეო ასპარეზზე წარუმატებლობის გადაფარვას ცდილობს.
სახელისუფლებო პარტიაში არ ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ და მათ "დიფ სთეითის" ინტერესების გამტარად მოიხსენიებენ. "ქართულ ოცნებაში" დღეს აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა კიდევ ერთხელ გამთქვეს. "ოცნებაში" ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რეალური ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან, რაც პირველ რიგში დაუსაბუთებელი სანქციების მოხსნაში უნდა გამოიხატოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს დონალდ ტრამპი უკვე 4 თვეა მართავს. 47-ე პრეზიდენტმა "დიფ სთეითთან" ბრძოლა მის ერთ-ერთ მთავარ მისიად გამოაცხადა. ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის შესაჩერებლად რუსეთთან აქტიურად თანამშრომლობს და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მოლაპარაკებებსაც მართავს.