მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მისი განმუხტვის ერთადერთი გზა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
"იმისთვის, რომ "ძლიერმა საქართველომ" მონაწილეობა მიიღოს რომელიმე არჩევნებში, ამისთვის, პირველ რიგში, ის კრიზისი უნდა განიტვირთოს ქვეყანაში, რომელიც არის. ამ კრიზისიდან გამოსავალი გვინდა, ამ კრიზისიდან გამოსავალი არის არჩევნები, ყველგან. პოლიტიკური კრიზისი არის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის და ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, თვითმმართველობის არჩევნები როგორ უშველის ამას?!" - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ მისი პარტია სწორედ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
"საპარლამენტო არჩევნები არის იმ უწყვეტი პროტესტის მთავარი მოთხოვნა, რომელიც არის საუკეთესო პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. ბუნებრივია, ვემზადებით სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ "გირჩი" აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე