24 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
"დღეს გამოიტანეს განაჩენი 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია ფუთავს, როგორც "პიჯაკების საქმეს," არ მგონია, რომ პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს" - ლევან მაჭავარიანი

"დღეს გამოიტანეს განაჩენი 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია ფუთავს, როგორც "პიჯაკების საქმეს," არ მგონია, რომ პიჯაკები ცხრა მილიონი ლარი ჯდებოდეს," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

"დღეს გამოიტანეს განაჩენი ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე, რომელიც მტკიცებულებების სახით დეტალურად არის წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია ფუთავს, როგორც "პიჯაკების საქმეს". მე არ მგონია, რომ პიჯაკები ცხრა მილიონი ლარი ჯდებოდეს. იქ არის ძალიან დეტალური ჩაშლა, თუ რაში იყენებდა ის ბიუჯეტის თანხებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი.

სტრასბურგის სასამართლომ ბატონი სააკაშვილის ყველა საქმეზე დაადასტურა ის განაჩენი, რომელიც ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებას გამოტანილი მის წინააღმდეგ. შეუძლიათ, ეს საქმეც გაასაჩივრონ, რა თქმა უნდა, იგივე შედეგი დადგება," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და ხარჯები გაასაჯაროვა. უწყების ტექსტში ნათქვამია, "2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხა." მათ შორის სასტუმროს მომსახურებისთვის დახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - მილიონ 400 ათასზე მეტი, ტრანსპორტით მომსახურებაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 ათას ლარამდე.

დღის ამბები