"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილი მმართველი გუნდის წევრების მიმართ დაწესებულ სანქციების მიზეზებზე საუბრობს. ამასთან, ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრთა განცხადებებს, რომლებიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ.
"ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ეს არის ჯერ აქ საქართველოში დაწერილი და შემდეგ გადაგზავნილი ესტონეთში. გამჭვირვალობას უწოდებს თავის თავს გიგაური და ამ დროს, ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია გახდა, არავის არანაირ ინფორმაციას რომ არ აწვდის. ეს არის სწორედ მიზეზი, საქმე მეტი აღარაფერი აღარ აქვთ. დაფინანსებაც შეუმცირდათ, თუ სულ არ შეუწყდათ და ახლა ბოღმისგან აღარ იციან, რა გააკეთონ. გადაკვალიფიცირდნენ ესტონეთისა და ბალტიისპირა ქვეყნების ენჯეოებში და ახლა უნდათ, რომ იქიდან შეუტიონ საკუთარ ქვეყანას. ვაშინგტონიდან ვეღარ უტევენ, იმიტომ რომ იქ ჩაეჭრათ ეს წყარო, ბრიუსელში ახლა არეულ-დარეულობაა, ჯერ თვითონ არიან დასალაგებლები, არ სცალიათ ახლა გიგაურისთვის და ლომჯარიებისთვის. ახლა ესტონეთი მოძებნეს, რატომ, იმიტომ, რომ ესტონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებს გამოცხადებული აქვთ უკვე, რომ უკრაინაში მშვიდობა არ აწყობთ," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. საქმე იმაშია, რომ ორგანიზაციამ გაავრცელა დეტალური აღწერა ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია სანქცირების მიზეზებიც. "ლაშა ტალახაძე გამოირჩევა აგრესიულობით" - ვკითხულობთ ორგანიხაციის ვებგვერდზე. "ქართული ოცნებისთვის" ეს არის დასტური, რომ სანქცირებულთა სია შეიქმნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კოორდინაციით, ორგანიზაცია გასული წლიდან სწორედ ესტონეთში არის დარეგისტრირებული. ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილება სამი დღის წინ გახდა ცნობილი. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და, ასევე "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.