25 აგვისტო 2026,   01:44
ვრცლად
ვენეციის კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ შეფასებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი პროცედურის მეშვეობით შეაფასა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს მიღებული ცვლილებები.

კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ: "საკანონმდებლო პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონპროექტები მიღებული იყო დაჩქარებული წესით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით სადავო არჩევნების შემდეგ მასობრივი პოლიტიკური მიტინგების ფართო პოლიტიკური კონტექსტისა და იმ გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ცვლილები ახდენენ ასეთ პოლიტიკურ პროტესტზე. არ არსებობს იმის მინიშნება, რომ ჩატარდა რაიმე ზეგავლენის შეფასება ორ ეტაპად შემოტანილი ფართომასშტაბიანი ცვლილებების პროპორციულობის შეფასების ან გამართლების მიზნით. შედეგად, კანონშემოქმედებითი პროცესი შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტურად ხარვეზიანად.

ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ცვლილებებში შეტანილი სხვადასხვა შემზღუდველი ზომის აუცილებლობა და პროპორციულობა არ ყოფილა ადეკვატურად დასაბუთებული.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებს შემოაქვს მრავალრიცხოვანი შეზღუდვები შეკრების თავისუფლებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, შეუთავსებელია კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან".

კომისია მიიჩნევს, რომ "აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მნიშვნელოვანი ჩართულობის უზრუნველყოფით".

ვენეციის კომისია ასევე ასკვნის, რომ "ყოვლისმომცველი ზეგავლენის შეფასება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ნებისმიერი შემზღუდველი ზომა დარჩეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციული იმ ლეგიტიმური მიზნებისა, რომელთა მიღწევასაც ისინი ცდილობენ".

დღის ამბები