იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მხარი დაუჭირა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განმარტა, თუ რა განსხვავებაა 2024 წელს მიღებულ გამჭვირვალობის კანონსა და ამერიკულ "FARA"-ს შორის.
"თუ დღეს მოქმედი გამჭვირვალობის ქართული კანონი მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე ვრცელდება, ამერიკული კანონი ვრცელდება, მათ შორის, ფიზიკურ პირებზეც. ვრცელდება ნებისმიერ კორპორაციაზე, მეწარმეზე, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ორგანიზებული. პასუხისმგებლობის ნაწილში, თუ დღეს მოქმედი ქართული გამჭვირვალობის კანონი პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმებს 5 000 და 10 000 ლარის ოდენობით, რიგ შემთხვევაში 20 000 ლარის ოდენობითაც, ამერიკული კანონის შემთხვევაში, არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც," - აღნიშნა გორდულაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს - "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.