24 აგვისტო 2026,   17:11
ვრცლად
ვის უნდა ომი და ვის სურს მშვიდობა - ოვალურ კაბინეტში ვერშემდგარი მოლაპარაკების შემდეგ, "ქართული ოცნებისთვის" ეს ზღვარი კიდევ უფრო მკაფიოდ გაივლო

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატორის მწვავე კამათს მსოფლიო თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებდა. შეხვედრის დასრულებას მალევე მოჰყვა შეფასებები, გაკეთდა არაერთი განცხადება. გამონაკლისი არც საქართველო იყო. ამერიკის პრეზიდენტის მიმართ ერთმანეთის მიყოლებით გავრცელებულ კრიტიკულ განცხადებებში სახელისუფლებო პარტიამ კონკრეტული ძალის ხელწერა ამოიკითხა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დადასტურდა ის, რასაც "ქართული ოცნება" აქამდეც ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატები და გლობალური ომის პარტია, ორი სხვადასხვა მოცემულობაა.

პრემიერ-მინისტრის შემდეგ განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ომის დაწყების დღიდან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკითაც დაადასტურა. ტრამპის მოწინააღმდეგეებს და ევროპის მხარდამჭერებს მან რეალობის აღქმისკენ მოუწოდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ჯერ კიდევ გუშინ დაწერა, რომ თეთრ სახლში განვითარებული მოვლენები პუტინის რუსეთის შემდგომ პოზიციაზე მყოფ ამერიკას ჰგავდა და რომ შტატებზე უფრო ძლიერი ევროპაა. სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი ოპოზიციურ სპექტრშივე დაუწუნეს. ხელისუფლების ოპონენტები დღეს ბალანსის პოლიტიკაზე, სამართლიან მშვიდობასა და პროცესში მონაწილე ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაზე საუბრობენ.

ევროპის მიდგომა ომთან დაკავშირებით არ იცვლება - აცხადებენ მმართველ გუნდში, სადაც მიაჩნიათ, რომ პასუხისმგებლობა სწორედ ჩრდილოვანი მმართველობის გავლენებს დაქვემდებარებულ ბიუროკრატებს ეკისრებათ. "ქართული ოცნების" შეფასებით, მიმდინარე პროცესებმა ომის მომხრეები და მშვიდობის მხარდამჭერები ერთმანეთისგან უკვე მკაფიოდ გამიჯნა.

მხილება გრძელდება - ასე გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ "დიფ სთეითის" და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ - დაწერა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.

ხელისუფლების ლიდერები უკრაინაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე საუბრობენ, პარალელურად კი, მსოფლიო ომის დასრულების შესახებ, მოლაპარაკებების გაგრძელების მოლოდინშია.

დღის ამბები