08 სექტემბერი 2026,   08:26
ვრცლად
მზადდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ოქტომბრის ბოლოს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი

გერმანია საქართველოსგან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ელოდება, ამასთან ხაზს უსვამს, რომ თუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს უკან არ გაიწვევენ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ბუნდესტაგის თანხმობა არ ექნება. განცხადება ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერებმა გააკეთეს, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

დელეგაცია ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის, ასევე მწვანეთა და სოციალურ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. 3 დღის განმავლობაში მათ შეხვედრები გამართეს არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან და დეპუტატებთან.

დელეგაცია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მათთან შეხვედრისთვის დრო ვერ გამონახა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მოახლოებული არჩევნებისა, გერმანიის სტაბილურ პოზიციად დარჩება ის, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. მათ იმედი აქვთ, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, 9 პუნქტის შესრულების შემდეგ, ამ პროცესს საქართველოც შეუერთდება. 

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. გვაწუხებს საქართველოს ევროპული მომავალი. აქ ყოფნა ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ ორი ძალიან მკაფიო მესიჯი დავტოვოთ. პირველი რომ ჩვენ ველით, ოქტომბრის ბოლოს არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს გადამწყვეტი არჩევნებია დემოკრატიისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლისთვის. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით წავიდეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემთ ამ არჩევნებზე გაკეთებულ არჩევანს. თქვენ იცით, რომ ასევე მზადდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ოქტომბრის ბოლოს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები.

მეორე გზავნილი არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, ამ სიტუაციაში არ არსებობს გზა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. შემიძლია გითხრათ, არსებული პოლიტიკით საქართველო ვერ მიიღებს გერმანიის ბუნდესტაგის თანხმობას ევროკავშირის ოფიციალური მოლაპარაკებების გახსნისთვის. ასე რომ, საჭიროა საშინაო პოლიტიკის ღრმა განახლება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის მიმართულებით. თქვენ ყველამ იცით ის ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ახლა უნდა დავამატოთ მე-10 ნაბიჯი, ეს არის უცხოური აგენტების კანონის გაუქმება, რადგან ეს აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს." - აცხადებს ნილს შმიდი. 

 

 

დღის ამბები