ბორჯომის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს დაკვამლიანებული კერების დამუშავება. პრევენციის მიზნით, როგორც ავიაცია, ასევე ცოცხალი ძალა ადგილზე რჩება და მუშაობას განაგრძობენ.
ცეცხლის ქრობის პროცესში, დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი ართულებდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი, ლევან საბანიძე ამბობს, რომ მონიტორინგის და უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
"ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და ამ დროისთვისაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ვერტმფრენების მიერ სალიკვიდაციო სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები, ჩართულია 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ამ დროისათვის, მეხანძრე-მაშველები რჩებიან ტყის მასივში და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. მთელი ღამის განმავლობაში დავრჩებით ადგილზე მონიტორინგის და უსაფრთხოების მიზნით," - აცხადებს ლევან საბანიძე.