ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია - რა შინაარსის სემინარი ჩატარდა "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით სასტუმრო "ვილა მოსავალში?!" - "თბილისი პრაიდი" და გაეროს განვითარების ფონდი, რომელიც დონორი ორგანიზაციაა, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
"კურიერს" გაეროს განვითარების ფონდში უთხრეს, რომ სემინარი UNDP-ის და ნორვეგიის მთავრობის ერთობლივი პროექტის ნაწილია, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების დაცვაზე.
"თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებმა კი მედიას განუცხადეს, რომ ტრენინგი მხოლოდ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის თემას ეხებოდა.
სხვა მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ტრენინგზე განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა გააპროტესტონ მათ უმრავლესობის ინიციატივა ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.
"ვილა მოსავალში" გამართულ 3-დღიან სემინარს მე უფრო მიზნობრივ სწავლებას დავარქმევდი და ბუნებრივია, სიმართლე გახლავთ ის, რაც იყო პირველ წამოცდენაში, რომ აქ იყო სწავლება, თუ როგორ აქციონ დღეს ეს ეროვნული, ხალხის დაკვეთით დამუშავებული კანონპროექტი რუსულად. წარსულში ჩვენ, სამწუხაროდ, გამოგვეპარა ასეთივე ტიპის პროცესები, როდესაც ამერიკული ფარას პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა "ქართულმა ოცნებამ" და სწორედ ასეთმა გავარჯიშებულმა, დატრენინგებულმა ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები და საპროტესტო მუხტი გააჩინეს ამერიკული კანონის ქართული კანონის მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ატყუებენ საკუთარ დონორებს," - აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.