სუდანში ზავი რამდენიმე საათის წინ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც ქვეყანაში ჩარჩენილი ქართველები ამბობენ, სროლა ისევ ისმის. საქართველოს 33 მოქალაქე ამ დრომდე ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ელოდება. ისინი ორი ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან.
"კურიერი" 2-ვე ავიაკომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა. მათი ინფორმაციით, როდესაც სროლები შეწყდება, ჩარჩენილი თანამშრომლების გამოყვანას შეეცდებიან.
"პირველ რიგში, ველოდებით, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ და ცეცხლი შეწყდეს, შემდეგ უკვე გადაწყდება რა გზით, როგორ... პირველი ვერსია არის საჰაერო გზით დატოვება ქვეყნის, ჩვენივე თვითმფრინავით. როდესაც შემოწმდება აეროპორტი, ასაფრენი ზოლი, აქედან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, მოვფრინავთ, თუ ვეძებთ სხვა ალტერნატიულ გზას," - განაცხადა ავიაკომპანია "ჯეოსქაის" ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.
კომპანია "მაივეი ეარლაინსის" გენერალური დირექტორის რატი ბაკურაძის თქმით კი, სუნდაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით 2 დღის სამყოფი წყალი და საკვები აქვთ, ასევე, გუშინ მათ საწვავი მიეწოდა.
აღსანიშნავია, სუდანის მთელ ტერიტორიაზე უკვე მეექვსე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს. დასტურდება 350-ზე მეტის ადამიანის დაღუპვა, მათგან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავებულია დაახლოებით 2 600.
"ჩვენი ქვეყანა განსაცდელს გადის. დაშავდა მრავალი, დევნილად იქცა ბევრი. ნგრევამ და სროლის ხმამ ჩვენს ხალხს სიმშვიდე წაართვა, რომელსაც მოსახლეობა იმსახურებს. ძალიან ვწუხვართ ამის გამო, თუმცა, რჩება იმედი, რომ ჩვენს დიდებულ ხალხთან ერთად გადავლახავთ ამ გასაჭირს. პატივცემულო მოქალაქეებო, ჩვენ ვგლოვობთ ჩემი ქვეყნის ყველა მსხვერპლს და ვლოცულობთ დაშავებულების გამოჯანმრთელებისთვის. ჩვენი ჯარისკაცები, სიცოცხლეს სწირავენ ამ ძვირფასი ქვეყნისთვის. გაუმარჯოს სუდანს, თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს," - განაცხადა სუდანის არმიის მეთაურმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანიმ.
მსოფლიო დაპირისპირებული მხარეებისგან შეთანხმების შესრულებას და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.
"19 აპრილს გამოცხადებული 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა ძირითადად ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობით შესრულდა. ჩვენ მოვუწოდებთ სუდანის შეიარაღებული ძალებსა და სწრაფი რეაგირების ძალებს გააგრძელონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვირას, 23 აპრილამდე სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ნათლად თქვა, რომ ნებისმიერი თავდასხმა, მუქარა და საფრთხე, რომელიც აშშ-ს დიპლომატებს დაემუქრება სრულიად მიუღებელია," - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელიმ.