მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოითხოვს, ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების შესახებ მეტი ინფორმაცია გაავრცელოს, რადგან ქვეყანაში ინფექციის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. როგორც BBC წერს, ჯანმოს სურს, ჰქონდეს მეტი ცნობა ჰოსპიტალიზაციის, რეანიმირებული პაციენტებისა და გარდაცვლილების შესახებ. ასევე, ითხოვენ ინფორმაციას ვაქცინაციაზე.
აშშ-მა, ინგლისმა, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ტაივანმა ჩინეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის კორონავირუსის ტესტები კვლავ სავალდებულო გახადა.
ჩინეთში, დიდი ხნის განმავლობაში, "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა მოქმედებდა, რაც ითვალისწინებდა მცირე შემთხვევების გამოც კი მთლიანი დასახლების ლოკდაუნს, მასობრივ ტესტირებას და კარანტინს. ნოემბერში ქვეყანაში მოსახლეობამ საპროტესტო გამოსვლები მოაწყო და შეზღუდვების გაუქმება მოითხოვა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა გააუქმა, ამის შემდეგ, BBC-ს ინფორმაციით, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა და ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ყოველდღიურად 5 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეალურად, ქვეყანას დღეში მილიონამდე კოვიდინფიცირებული ჰყავს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, დეკემბერში კორონავირუსს 13 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, ჩინეთში კოვიდისგან დღეში 9 ათასი ადამიანი იღუპება.