ოდესაში აფეთქების ხმა ისმოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე 2 რაკეტა ჩამოვარდა. უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. რუსეთის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქზე 79 -ჯერ მიიტანეს იერიში. კრივოი როგში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან წლინახევრის ბავშვი ამოიყვანეს.დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავდა 13.
აშშ მზად არის, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა და რაც მივე თქმით, ბოლო არ იქნება, რადგან რუსეთზე წნეხი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
"მტრის ყველა სამიზნე დღეს არის სამოქალაქო-ძირითადად ენერგო და სითბოს მიწოდების ობიექტები.სამწუხაროდ კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულია სამი. ვუსამძიმრებ მათ ყველა ახლობელს. დაშავდა ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. კიევსა და 14 რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად წყალმომარაგება შეწყდა.ჩვენმა ენერგეტიკოსებმა და ეკიპაჟებმა უკვე დაიწყეს მუშაობა და ყველაფერს აკეთებენ მიწოდების აღსადგენად. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა. მეცხრე, აშკარად არ არის ბოლო. რადგან აშკარაა, რომ წნეხი უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვიმუშავებთ ევროკომისიასთან, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან, ევროპულ საზოგადოებასთან, რათა არსებული სანქციების პოლიტიკამ ომის დასრულებამდე იმუშაოს .მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს პრინციპებს,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი კი აცხადებს, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს:
"ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის იერიშები. რუსმა დამპყრობლებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს. ოკუპანტებს აქვთ დანაკარგები. გასული დღის განმავლობაში უკრაინის სარაკეტო ძალების და არტილერიის ნაწილებმა იერიშები მიიტანეს მტრის სამეთაურო პუნქტებსა და საბრძოლო მასალის საცავებზე,"- აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.