30 იანვარი 2023,   02:15
ვრცლად
ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოსაყვანად ბრძოლა ბახმუტთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს - მათი მეგობრები და თანამებრძოლები "კურიერთან" ძლიერი შეტაკების დეტალებს იხსენებენ

33 ქართველი - უკრაინაში დაღუპული უცხოელი სამხედროებით საქართველო პირველ ადგილზეა. ბოლო დანაკარგი - 5 ქართველი ერთად, რომელთა ცხედრების გამოსაყვანად ბრძოლა ბახმუტთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. იბრძვიან სხვა ქართველები. იმის გამო, რომ რუსული არმია ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს, ცხედრების გამოყვანა უკვე მესამე დღეა ვერ ხერხდება. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი შეტაკება, რომელსაც ორივე მხრიდან უკვე 10 ათასამდე სამხედრო შეეწირა. ბახმუტი და მისი შემოგარენი სავსეა გვამებით.

ქართული ლეგიონოს მეთაური აცხადებს, რომ ალყაში მოქცეულმა ქართველმა მებრძოლებმა უარი უთხრეს რუსებს ტყვედ ჩაბარებაზე. შედეგად მათ არტილერიიდან გაუხსნეს ინტენსიური ცეცხლი. 5 დაღუპული მოხალისის გარდა, მძიმედ არის დაჭრილი მათი ქართველი მეთაურიც.

ბახმუტიდან რუსეთი სლივიანსკზე და კრამატორსკზე გასვლას ცდილობს. ეს ბოლო ორი დასახლებული პუნქტია დონეცკის ოლქში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი - ოჯახებთან მათი კონტაქტი 3 დეკემბერს შეწყდა.

უკანასკნელი შეტყობინება ფრონტის წინა ხაზზე გასვლამდე ავთო რურუამ მეუღლეს 3 დეკემბერს გაუგზავნა. რურუა ბახმუტთან, ძლიერი შეტაკების დროს დაღუპულ 5 ქართველს შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა. ახლა ოჯახი ცხედრის ჩამოსვენების მოლოდინშია.

რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი რომეო ფიჩხაიაა, ისიც ქალაქ ბახმუტთან, ომის ყველაზე ცხელ წერტილში დაიღუპა. ბრძოლის ველზე მისი დაღუპვის შესახებ ოჯახს რომეო ფიჩხაიას თანამებრძოლმა აცნობა. უკრაინაში წასვლამდე ის ოკუპანტების წინააღმდეგ, ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი 2008 წლის ომში იბრძოდა.

რამინ კვარაცხელიას ოჯახში 30 წლის შემდეგ, ტრაგედია განმეორდა. მან ერთი შვილი აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე - როლანდ კვარაცხელია კი იმ მებრძოლებს შორის იყო, რომლებიც ბახმუტში საარტილერიო შეტევას შეეწირნენ.

ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან ზესტაფონში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კიდევ ერთი დაღუპული მებრძოლი ბადრი მარკელია ცხოვრობდა. ის უკრაინაში 7 თვის წინ წავიდა. 46 წლის მებრძოლის ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, როდის მოხერხდება დაღუპულების ფრონტის ხაზიდან გამოყვანა.

ოდესის ოლქში, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა მერაბ ალადაშვილიც, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ქართველ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში ფრონტის ხაზზე იბრძოდა.

თანამბერძოლები, რომლებიც ამ დრომდე ომის წინა ხაზზე არიან "კურიერს" ძლიერი შეტაკების დეტალებს უყვებიან. მათი თქმით, ქართველი მებრძოლების გადმოსვენების შესახებ მოლაპარაკებები ოკუპანტებთან მიმდინარეობს.

დღის ამბები