30 იანვარი 2023,   01:24
ვრცლად
ბახმუტში, 5 ქართველის გარდაცვალების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი დღეს პირველად შეიკრიბა და მთავრობის სხდომა სამძიმრით გაიხსნა - ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტები პოპულიზმში და პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობაში დაადანაშაულა

პოპულიზმში, პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობასა და ფარისევლობაში მთავრობის მეთაურმა ოპონენტები დაადანაშაულა. ოპოზიციის კრიტიკას, რატომ არ თანაუგრძნო მმართველმა პარტიამ უკრაინაში დაღუპული მეომრების ოჯახს - პრემიერმა მთავრობის სხდომაზე უპასუხა. ბახმუტში, 5 ქართველის გარდაცვალების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი დღეს პირველად შეიკრიბა - სხდომა სამძიმრით გაიხსნა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ომში 33 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახებს დღეს თითქმის ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოუცხადა - პრეზიდენტმა პოლონეთიდან, თბილისის მერმა რომიდან, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ ჰოლანდიიდან.

სამძიმარს ოპოზიცია დაგვიანებულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებზე გავლენა საზოგადოებრივმა კრიტიკამ მოახდინა.

ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციურია სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ოპონენტები ტრაგედიას პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.

სამძიმრის გარდა ოპოზიცია ითხოვს, დაღუპულების პატივის მისაგებად გლოვის დღეც გამოცხადდეს, თუმცა წინადადებას მმართველი პარტია არ იზიარებს. "ქართულ ოცნებაში" უარის არგუმენტები დაასახელეს.

ოპოზიციის ქმედებების მიღმა მმართველი პარტია კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარკვეული პოლიტიკური ძალები პროვოკაციებს ცდილობენ, სამთავრობო გუნდის მიზანი კი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს დასავლელი ლიდერების განცხადებებიც შეახსენა, სადაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში.

უკრაინაში დაღუპულებს სამშობლოში მას შემდეგ გადმოასვენებენ, რაც ფრონტის წინა ხაზიდან ცხედრებს გამოიყვანენ.

დღის ამბები