გასული ღამის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო უკრაინაში. ღამის განმავლობაში კიევსა და უკრაინის რეგიონების დიდ ნაწილში სამხედრო განგაშის სიგნალი იყო ჩართული. დარტყმების შედეგად კვლავ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 9 დაშავდა დონეცკში, 1 ადამიანი დაშავდა სუმში.
დაიბომბა მიკოლაივიც, სადაც 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა. ღამის განმავლობაში იერიშები მიიტანეს ზაპორიჟიეს სამოქალაქო ობიექტებზე. ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების გამო მწვავდება ენერგოკრიზისიც. სირთულეების მიუხედავად, უკრაინა გარკვეულ მონაკვეთებზე წარმატებულ კონტრშეტევას განაგრძობს.
"ტერორისტების არც ეს დარტყმა, არც ნებისმიერი სხვა მსგავსი დარტყმა ჩვენს დამცველებს არ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სირთულეები შეუქმნას ჩვენს დაცვას. უკრაინელები გაერთიანებული არიან და ზუსტად იციან, რომ რუსეთს ამ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს. ჩვენი თავდაცვის ძალები ყოველდღიურად, ხაზს ვუსვამ, ყოველდღიურად წინ მიიწევენ,"-აცახდებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ გასულ ღამეს ოკუპანტებმა დაბომბეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.
"მტერი ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ცდილობს შეაკავოს ჩვენი თავდაცვის ძალები. პარალელურად კი არ წყვეტს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. გასულ ღამეს კვლავ დაბომბეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა თავდაცვის ძალებმა მტრის რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საკრუიზო რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნახევარზე მეტი ჩამოაგდეს, ასევე მტერი განიცდის დანაკარგებს როგორც ტექნიკური ისე ადამიანური კუთხით,"-აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი.