ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მორიგი სანქციების შესახებ ისაუბრა. აშშ-ის ლიდერი ამბობს, რომ ეს ითვალისწინებს სანქციების დაწესების შესაძლებლობას ყველას მიმართ, ვინც "პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თაღლითურ პრეტენზიებს ტერიტორიებზე".
"აშშ და ნატო-ს მოკავშირეები სრულ მზადყოფნაში არიან, ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვან. ბატონო პუტინ, მინდა, სწორად გაიგოთ, რასაც ვამბობ. დღესვე ვაწესებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ითვალისწინებს სანქციების დაწესების შესაძლებლობას ყველას მიმართ, ვინც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თაღლითურ პრეტენზიებს ტერიტორიებზე.
მე მჭიდრო კონტაქტი მაქვს ნატო-ს მოკავშირეებთან, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის აგრესიას. აშშ-სა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარები არ შეაშინებს. პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს. მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელიც მან ჩაატარა და ეს რუტინა, რაც მან დღეს აჩვენა, ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია და ასე შემდეგ - ამას აშშ არასდროს აღიარებს. მსოფლიოც არ აღიარებს. პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის მითვისება და თავის ასე მარტივად დაძვრენა. ჩვენ გეზს არ შევიცვლით. მივაწოდებთ სამხედრო აღჭურვილობას, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს," - ამბობს ჯოზეფ ბაიდენი.