ირანში დაძაბულობა გრძელდება - არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლებს, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაკავებულია. ქვეყნის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ "გადაჭრით" გაუმკლავდება ყველას, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს ეწინააღმდეგება.
პროტესტი ერთი კვირის წინ 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა, შემდეგ კი სცემა. მას შემდეგ არეულობა ირანის 31 პროვინციას მოედო. აქციის მონაწილეებმა მანქანებსა და სარეკლამო დაფებს ცეცხლი წაუკიდეს.
აქციის მონაწილე ქალებმა კი საჯაროდ თმა შეიჭრეს და ჰიჯაბები დაწვეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველები ცეცხლს ხსნიან. გავრცელდა ინფორმაცია ასევე ინტერნეტის გათიშვის შესახებ. გამკაცრდა შეზღუდვები ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა "ინსტაგრამი" და "ვოტსაფი".
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკულ ტექნოლოგიურ ფირმებს საშუალება ეძლევათ, გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი ირანში, რათა ირანელი ხალხისთვის ინტერნეტზე წვდომა გაიზარდოს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო შტატების ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ირანის სუვერენიტეტის დარღვევაზე განცხადებები უპასუხოდ არ დარჩება.