ვენეციის საერთაშორისო 79-ე კინოფესტივალზე 10 სექტემბერს გამარჯვებულთა ვინაობა გამოცხადდა. ჟიურიმ 23 ფილმიდან საუკეთესოდ მიიჩნია და "ოქროს ლომი" მიანიჭა ამერიკელი კინორეჟისორის, ჟურნალისტის და პროდიუსერის, ლორა პოიტრასის ფილმს, "სრული სილამაზე და სისხლისღვრა".
ჟიურიმ ჯულიან მორის თავმჯდომარეობით "ვერცხლის ლომი"- ჟიურის დიდი პრიზი, გადასცა ფრანგ რეჟისორს, ალის დიოპს, ფილმისთვის "წმინდა ომერი". საუკეთესო რეჟისორად ვენეციის კინოფესტივალზე გამოცხადდა იტალიელი რეჟისორი ლუკა გიადანინო ფილმისთვის "ძველები და სხვა ყველაფერი".
"კოპა ვოლპი" - პრიზი ქალი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ამერიკელ მსახიობს, კეიტ ბლანშეტს ტოდ ფილდის ფილმში, "ტარი", შესრულებული მთავარი როლისთვის. კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ვენეციის კინოფესტივალზე წელს აღიარეს ირლანდიელი კოლინ ფორელი მარტინ მაკდონაჰის ფილმში, "ინიშერინის ბანშიებში" შესრულებული როლისთვის.
მარტინ მაკდონაჰს ერგო ასევე საუკეთესო სცენარისთვის დაწესებული ჯილდო, ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი ირანელმა რეჟისორმა, ჯაფარ ფანაჰიმ დაისაკუთრა ფილმისთვის "დათვები არ არიან".
მარჩელო მასტროიანის პრიზი მომავლის ახალგაზრდა მსახიობისთვის გადაეცა ტეილორ რასელს ლუკა გიადანინოს ფილმში, "ძველები და სხვა ყველაფერი" შესრულებული როლისთვის.