27 იანვარი 2023,   21:05
ვრცლად
რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა დონეცკის ოლქზეა მიმართული - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

უკრაინა რუსულ აგრესიას უკვე 146 დღეა უმკლავდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტმა სახელმწიფომ უკრაინის 8 რეგიონი დაბომბა, ყველაზე მეტი 150 სხვადასხვა ტიპის ჭურვი კი სუმის ოლქში ჩამოვარდა. საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ელემენტებით სავსე რაკეტები მოხვდა მიკოლაევის პორტსა და დასახლებულ რაიონებსაც, არიან დაჭრილები, თუმცა იმდენი არა რამდენიც ოდესის ოლქში. რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის 5 თვის ბავშვი. ბავშვები პუტინის ჯარისკაცებმა არ დაინდეს ზაპოროჟიეშიც, სადაც ექიმები ახლა 4-დან 16 წლამდე ასაკის ცხრა არასრულწლოვნის გადარჩენას ცდილობენ.

რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა ახლა დონეცკის ოლქზეა მიმართული. ოკუპანტები ცდილობენ ამ ოლქს ჩრდილოეთიდან შეუტიონ და დაწინაურდნენ - იბომბება რამდენიმე ქალაქი - მათ შორის ძირითადი აქცენტი რუსეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებებზე აქვს - ეს არის ბახმუტი და სივერსკი. რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. შედეგად, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა.

დონეცკის ოლქის გარდა, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ბომბავენ ლუგანსკის ოლქსაც. ამ ოლქის გუბერნატორი ამბობს, რუსეთი დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით მობილიზაციას ახორციელებს. სერგეი გაიდაი ამტკიცებს, რომ კრიმინალური მუხლებით გასამართლებულ პატიმრებსაც კი აგზავნიან ფრონტზე.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე იმყოფებოდნენ, სამხედრო ტექნიკასთან ერთად დილით კოლონებით გადავიდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით. ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩეველმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთი აძლიერებს მობილიზებას უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში.

უკრაინა კი კიდევ უფრო აქტიურდება ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტერიტორიების დასაბრუნებლად. მიკოლევის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობსა და საოკუპაციო ძალების პირად შემადგენლობას დაარტყა. საერთო ჯამში უკრაინული მხარის ინფორმაციით, 65 რუსი ოკუპანტი დაიღუპა თავდასხმის შედეგად. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის 16 რაკეტით აღჭურვილი 2 ხომალდი და 4 დიდი სადესანტო ხომალდია განლაგებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, უკრაინამ ფრონტის ხაზზე სიტუაციის დასტაბილურება მოახერხა. როგორც ვალერი ზალუჟნმა აღნიშნა, თავდაცვითი ხაზების და პოზიციების შენარჩუნების ხელშემწყობი ფაქტორია ამერიკული HIMARS-ების დროული ჩასვლა უკრაინაში, რომლებიც დარტყმებს აყენებს მტრის მართვის პუნქტებს, საბრძოლო აღჭურვილობასა და საწვავის საწყობებს.

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს. შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. თავდასხმის შემდეგ, დაინგრა 3 კერძო სახლი და 2 ნაგებობა. დაზიანდა სკოლა და კულტურის ცენტრი.

დღის ამბები