24 სექტემბერი 2021,   19:25
ვრცლად
ახალი დეტალები დაკავებული ჩოხატაურელი მასწავლებლის საქმეში - სავარაუდოდ, მას და მის ვაჟს დაკავებამდე ყოფილმა პოლიციელმა სცემა

მოსწავლის იძულების ბრალდებით დაკავებული ჩოხატაურელი პედაგოგის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებამდე მასწავლებელს და მისი ვაჟს ჩოხატაურელმა ყოფილმა პოლიციელმა სცემა და თანხაც გამოსძალა.

აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს დაკავებული პედაგოგის ადვოკატი. მისი თქმით, ყოფილი პოლიციელის სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ მასაც სმენია, თუმცა დაზუსტებით რაიმეს თქმა უჭირს.

თავად ყოფილი პოლიციელი ორი დღეა საზოგადოებაში არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირება შეუძლებელია. მამის განცხადებით კი მათ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიცრუეა, ის უარყოფს მისი ვაჟის მიერ ვინმეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტსაც.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურელი პედაგოგი სამი დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. გამოძიება მას ყოფილი მოსწავლის, 18 წლის გოგონას  მიმართ სექსუალური სახის ქმედების ჩადენას ედავებოდა. თუმცა მოგვიანებით მუხლი შეიცვალა და ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გრძელდება, რაც იძულებით ქმედებას გულისხმობს.

64 წლის მასწავლებელი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

დღის ამბები