შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საერთო ჯამში დაკავებულია 11 პირი.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 2019 წელს, გაზაფხულზე ლატვიაში მცხოვრები ალექსეი დემიდოვის ხელმძღვანელობით შეთანხმებულად მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი ჯორჯ საიმონ ჰოურიმ, გურამ გოგოლაშვილმა და გიორგი ლებანიძემ ჩამოაყალიბეს. ჯგუფის მიზანი იყო, დროის ხანგრძლივ პერიოდში კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული პირების კუთვნილ თანხები მიეთვისებინათ, თანხა ჯგუფის წევრებს შორის განაწილებულიყო. საქმიანობაში ორგანიზატორებმა, ეტაპობრივად, სხვა პირებიც ჩართეს - მათ შორის, უცხოური ენების მცოდნე ე.წ. ქლოუზერები.
იმისთვის, რომ საქმიანობა ლეგალურად წარმოეჩინათ, ჯგუფის წევრებმა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე იქირავეს ფართი და "ქლოუზერებთან" ერთად სამუშაოდ გადავიდნენ. ამას გარდა, 2019 წლის ზაფხულში დაარეგისტრირეს შპს, რომლის სახელითაც კომერციულ კომპლექს "ქინგ დევიდში" იქირავეს ფართი.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საუბარია, საერთო ჯამში, 2 მლნ-მდე ლარის თაღლითურად დაუფლებაზე.
დაკავებულ პირებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.