თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდება ალექსანდრე ტურიაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილს მკვლელობის მცდელობას, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
პროცესზე, დაცვის მხარე ალექსანდრე ტურიაშვილის მიმართ 5 ათას ლარის შეფარდებას, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილის მიმართ 10 ათას ლარიან გირაოს და ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას ითხოვდა,
რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
პროკურორის ვლადიმერ ბექიშვილის განმარტებით, ბრალდებულებისგან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.
დაკავებული ალექსანდრე ტურიაშვილი ბრალდების არცერთ ნაწილს არ იზიარებს, ხოლო ჯაუნშერ ტურიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩუმლაყი-ყიტაანის გზაზე მომხდარი სროლისას ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაიჭრა. მომხდარი ფაქტი კრიმინალური წარსულის მქონე მალხაზ ბადუაშვილს უკავშირდება.