20 ივნისი 2021,   05:36
ვრცლად
ჩხუბი ანაფორებით და აივნიდან გადავარდნილი 10 ადამიანი - რა მოხდა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში

6 დაშავებული და ეპარქიის ჩანგრეული აივანი - დაპირისპირების კერად ჭყონდიდის ეპარქია დღის მეორე ნახევარში იქცა. 

ფიზიკური ტრავმებით დასრულდა დახურული სხდომა, რომელსაც ახალი მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობდა. ეპარქიაში ვითარება სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა.

მრევლის ნაწილისთვის მიუღებელი მიტროპოლიტის გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ისინი მღვდელმთავრებისგან დახურული სხდომის კარის გახსნას და კითხვებზე პასუხის საჯაროდ გაცემას მოითხოვდნენ.

სწორედ ამ დაპირისპირების დროს ჩამოინგრა ხის კონსტრუქცია, რა დროსაც აივანზე მყოფი მოქალაქეები სიმაღლიდან გადავარდნენ.

ინციდენტის შედეგად დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც. დაზიანებები აღენიშნება "რუსთავი 2-ის" ოპერატორსაც. ის სხვა დაშავებულ კოლეგებთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ მიტროპოლიტმა სტეფანემ რეზიდენციის მეორე სართული პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვა, მედიასთან კი განმარტა, რომ დაპირისპირება პროვოკატორმა სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა გამოიწვია.

ჭყონდიდის ახალ მმართველს მრევლმა დაპირისპირების შემდეგ ეკლესიაში წასვლის და ლოცვის საშუალება არ მისცა. მიტროპოლიტს ამ დროისთვის პოლიციის განსაკუთრებული კორდონი იცავს, რეზიდენციასთან იმყოფება მრევლი, რომელიც მიტროპოლიტს ეპარქიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები