26 თებერვალი 2021,   22:38
ვრცლად
საქართველოს რადიო მაუწყებლების გაერთიანება პრემიერს მიმართავს და პანდემიიდან გამომდინარე გარკვეულ შეღავათებს ითხოვს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერს მიმართავს. გავრცელდა ღია წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რადიო სექტორი პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. სპონსორები აღარ არიან, რის გამოც კომპანიებს თანამშრომლების სახლში გაშვება მოუწევთ, ვერ გადაიხდიან გადასახადებს და ვერ შეასრულებენ მთავარ ფუნქციას, მიაწოდონ იფორმაცია მოქალაქეებს. გაერთიანება კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას ითხოვს.

ჩამოთვლილია 4 პუნქტი: გადაიხედოს სატარიფო პოლიტიკა. წლის ბოლომდე გათავისუფლდნენ დღგ-სგან, მათთვის გაუქმდეს კომუნალურ გადასახადები 2 წლით და ერთად შეიმუშაონ დახმარების პაკეტები.

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანების მიმართვა პრემიერ-მინისტრს:

"მოგახსენებთ, რომ რადიო სექტორზე პანდემიის პირველი ტალღის ნეგატიური გავლენების განეიტრალების თხოვნით უკვე მოგმართეთ (წერილები #15577 და #23221 ) და რადგან, სამწუხაროდ, მას გამოხმაურება არ მოჰყოლია, გვსურს, კიდევ ერთხელ, მოკლე მიმოხილვით სექტორის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევები გაგაცნოთ და პრობლემების მოგვარების მიზნით შეხვედრა გთხოვოთ.

2020 წლის პირველი 3 კვარტალი რადიომაუწყებლობის სექტორმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ზე მეტი კლებით დაასრულა.

ეს გახლავთ ამ მედიაბიზნესის საშუალო მონაცემი, მაგრამ უმრავლესობა რადიოკომპანიებისთვის, ვარდნა ვარირებს 60-დან 100%-მდეც და საშუალო მაჩვენებლის შემთხვევაშიც კი ეს გახლავთ ის რიცხვი, რომლის გარეშეც კრიტიკულად რთულდება ყოველდღიური ოპერაციების წარმოება და ფინანსური ვალდებულებების ფონზე, მძიმე ეკონომიკურ წნეხს წარმოადგენს ამ კატეგორიის მედიაორგანიზაციებისთვის.

შექმნილ ვითარებაში კი იძულებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ თანამშრომლები, ვერ გადავიხადოთ გადასახადები, ვერ შევასრულოთ ვალდებულებები და ვერ უზრულველვყოთ მოქალაქეების ინფორმირება მაშინ, როდესაც ინფორმაციის გავრცელებას, სწორად მიწოდებას, ჩვენი დაფარვის სიხშირის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით სრულად მოცვას - უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც პანდემიის დროს თავად მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის,რომელსაც დამატებით, სამსახურის გარეშე დარჩენილი ასობით მოქალაქის კომპენსაციითა და სხვა სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა მოუწევს.

რადიო სექტორისთვის პანდემიის პირველი ტალღაც საკმაოდ რთული გადასატანი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ჩვენთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სარეკლამო და სასპონსორო განთავსებებია, საყოველთაო კრიზისის ფონზე კი პარტნიორი კომპანიების უმეტესობამ შეაჩერა ან შეწყვიტა არსებული კონტრაქტები. ხოლო, ვირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად განხორციელებულმა სახელმწიფო შეზღუდვებმა, კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ბიზნესების ისედაც რთული მდგომარეობა, რაც პირდაპირ კორელაციაშია ჩვენს მიერ მოზიდულ შემოსავლებთან. შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობა და ნეგატიური ეკონომიკური პროგნოზი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნა, რთული გამოწვევების წინაშე აყენებს სექტორს, ზოგიერთი რადიოკომპანიისთვის კი შეიძლება გაკოტრების მიზეზად იქცეს, რაც პირდაპირ აისახება დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

კომუნიკაციის ამ არხს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სახელმწიფოს, ბიზნესის და ჯანსაღი მედია გარემოს განვითარებეში, რაც ქვეყნაში დემოკრატიული გარემოს განვითარების საწინდარია და იმისათვის, რომ გადარჩეს რადიო სექტორი და განაგრძოს მაუწყებლობა, სახელმწოფოს მხრიდან ეფექტური ზომების გატარებას დროულად საჭიროებს.
აღნიშვნის ღირსია, რომ დღევანდელ კრიზისის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა საგადასახადო შეღავათითა თუ სუბსიდირებით დახმარება გაუწიოს მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტებს, ამ ფონზე, გთხოვთ, დახმარება გაუწიოთ რადიო სექტორს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ სფეროს და პრობლემის იდენტიფიცირებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით დაიწყოთ დარგის წამომადგენლებთან მოლაპარაკებები.

ვითარების საერთო მასშტაბში წარმოდგენის მიზნით, მოგახსენებთ, რომ მედია ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით, ჩვენი სექტორი რამდენიმე წელია კონკურენციის არათანაბარ პირობებში იმყოფება. 2015 წლიდან (5.2 მილიონი აშშ) 2019 წლამდე (3 მილიონი აშშ) რადიო სარეკლამო შემოსავლები 42.31%-ით (2.3 მილიონით აშშ) იყო შემცირებული. სხვადასხვა მიზეზთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ის მკაცრი, მყისიერი და გარდამავალი პერიოდის დაწესების გარეშე მიღებული საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც დამტკიცებულ იქნა 2016 წელს სარეკლამო მასალის რადიო/სატელევიზო ეთერში განთავსების წესებთან მიმართებაში; მართალია, რეკომენდაციების მიღების მიზანს წარმოადგენდა აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების რეგულაციებით და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დადგენილიყო მაუწყებლების მიმართ გარკვეული სავალდებულო წესები, თუმცა, ზ.აღ. ფაქტორმა დამკვეთებისა და პარტნიორების მხრიდან თანამშრომლობის შემდგომ გაგრძელებაზე ნეგატიური გავლენა იქონია. რადგან არსებული პირობები მათი ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ კომუნიკაციას ნაკლებად პასუხობდა, რამაც თავის მხრივ რადიო სარეკლამო შემოსავლების შემცირება, რადიოების ფინანსური დასუსტება და რადიოსექტორში კონკურენციის წესების დარღვევა გამოიწვია. ახლანდელმა კრიზისმა კი, სექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა დღის წესრიგში.

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო სოცმედია პლატფორმების (Facebook, Youtube, Google) საქართველოში სწრაფი შემოსვლის პირობებში, ისე, რომ ამ საერთაშორისო პლატფორმების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს მიდგომა რეგულირების, მათ შორის საგადასახადო მიმართულებით არის ლოიალური, ვიდრე საქართველოში მოქმედი რადიომაუწყებლების მიმართ არსებული რეგულაციები. ამდენად, როგორც რეალობა გვიჩვენებს, სახელმწიფოს სტრატეგია რომ შეუმსუბუქოს ბიუროკრატიული და საგადასახადო ტვირთი საერთაშორისო პლატფორმებს, რომლებიც რეკლამის გავრცელების კუთხით საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირების კონკურენტები არიან და იკავებენ თავიანთ წილს სარეკლამო ბაზარზე, აშკარად ურტყამს პირველ რიგში რადიოსექტორს და რეალურად ასუსტებს მის როლს და ფინანსურ მდგომარეობას. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ დასუსტებული რადიოსექტორის მიმართ სახელმწიფომ უნდა გაატაროს იმგვარი პოლიტიკა, რომ გადარჩეს რადიოსექტორი (მაგალითად, შეუმსუბუქოს სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე რეგულაციები), როგორც ეს გატარდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რადიო ინდუსტრიის, ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული, მაგრამ, ამავდროულად, დღევანდელ კრიზისში ყველაზე მოწყვლადი მედია სექტორის მდგომარეობა და დაგვეხმაროთ აღნიშნული საკითხების, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტაში:

1. გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ (რადგან ამ ორგანიზაციის 100 % წილის მფლობელი სახელმწიფოა) სატარიფო პოლიტიკა. მოხდეს ანძის არსებული საიჯარო გადასახადის 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე სუბსიდირება, ხოლო 2022 წილიდან ტარიფების შემცირება.
იმ რადიო კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ვალი, ეპატიოს დავალიანება ან მოხდეს სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან.
2. რადიო სამაუწყებლო კომპანიები განთავისუფლდნენ ა) დღგ-ს გადასახადების გადახდისგან 2021 წლის ბოლომდე. ბ) საშემოსავლო გადასახადისგან და ქონების გადასახადისგან კრიზისული 2 წლის განმავლობაში.
3. რადიოსექტორის, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ გატარდეს კომუნალური გადასახადების გაუქმება 2 წლის ვადით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადასახადის სრული სუბსიდირების პოლიტიკა;
4. ერთობლივად შევიმუშავოთ რადიოსექტორის ფინანსური დახმარების მოქნილი და რადიო კომპანიების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პაკეტები. სხვა ქვეყნების ხელისუფლებების საუკეთესო მაგალითების ( მათ შორის: სპეციალური ფონდების შექმნა) მიხედვით და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით,

ჩვენ, მედიის წარმომადგენლები, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვცდილობთ შევინარჩუნოთ კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსი, ასევე, ჩვენს კომპანიებში დასაქმებული ადამიანური რესურსი და თავიდან ავიცილოთ კრიზისული მდგომარეობა. ამისთვის ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, მეგობარი ქვეყნების საელჩოებთანაც.

გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს რადიო ინდუსტრია, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორი.

წერილს თან ვურთავთ ინფორმაციის სახით (იხ.დანართი #1 და დანართი #2) ძალიან მოკლე ჩამონათვალს მაგალითისთვის, თუ რა განსაკუთრებული სამოქმედო გეგმები მიიღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა მედიის და რადიო

სექტორის გადარჩენისთვის.
პატივისცემით,
რადიო გაერთიანება,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები