06 დეკემბერი 2020,   02:48
ვრცლად
ჯარიმა ან პატიმრობა კარანტინის წესის დარღვევისთვის - რას გულისხმობს კანონი, რომელიც უპასუხისმგებლო მოქალაქეებს შეეხებათ

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციის წესები 22-მა ადამიანმა დაარღვია. ურჩი მოქალაქეები პოლიციამ და მედიკოსებმა იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. შემთხვევები დედაქალაქსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა. 

იმის გამო, რომ მოქალაქეების ნაწილს პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, პარლამენტს თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დაჩქარებული წესით კანონის მიღება მოუწევს. სანქციები საკმაოდ მკაცრია: ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარი იქნება. საუბარია ადმინისტრაციულ პატიმრობაზეც, ზოგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ დევნაზეც კი. თუ კარანტინის წესს დაარღვევს პირი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მას მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

დეპუტატებს საკანონმდებლო პაკეტის მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დაავალა.

დოკუმენტზე მუშაობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, საკანონმდებლო პაკეტის შინაარსი მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარს უჭერს ოპოზიციაც. დეპუტატები ამბობენ, რომ საერთო უსაფრთხოებისათვის რეგულაციის შემუშავება აუცილებელია.

დღეს ურჩი მოქალაქეების კრიტიკის პარალელურად, კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსს სხვადასხვა კლინიკასა თუ სამედიცინო დაწესებულებაში ეფექტურად უმკლავდებიან. კანონმდებლებმა მადლიერება სასესიო დარბაზში ტაშით გამოხატეს.

დღის ამბები